ხონში ახალაშენებული იუსტიციის სახლი გაიხსნა

Monday, 01 July 2019

იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ქალაქ ხონის მცხოვრებთაც შეუძლიათ. ახალაშენებულმა იუსტიციის სახლმა ფუნქციონირება 28 ივნისიდან დაიწყო. ფილიალის თანამშრომლებს ახალი შენობის ამოქმედება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიულოცა. ვინაიდან, იუსტიციის მინისტრმა ხონში ჩასვლა და ახალი ფილიალის გახსნა ვერ მოახერხა, გადაწყდა, რომ „იუსტიციის სახლის დღე“ შემოდგომაზე საზეიმო ღონისძიებით სწორედ ხონის ფილიალში იქნება აღნიშნული.

იუსტიციის სახლის ხონის ეს ახალი ფილიალი მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მიღება ხონში მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოშია შესაძლებელი.

იუსტიციის სახლის ხონის ფილიალი 760 კვადრატული მეტრია და მოსე ხონელის ქუჩა №40-ში მდებარეობს. მისი მშენებლობა კონკურსით შერჩეული, არქიტექტორ ლუკა ჩაგანავას პროექტით განხორციელდა.

ხონის იუსტიციის სახლში ქორწინების სივრცეც მოეწყო. ხონის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა, რის გამოც წყვილები ქორწინებას საზეიმო რიტუალის გარეშე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხონის ფილიალში არეგისტრირებდნენ. 

ხონის იუსტიციის სახლი 2014 წლიდან დღემდე აშენებული მეთერთმეტე ფილიალია ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ონის, ახალქალაქის, ლაგოდეხის, მარტვილისა და სენაკის იუსტიციის სახლების შემდეგ. 2019-2020 წლებში გაიხსნება ახალი ფილიალები ბოლნისში, გარდაბანში, წყალტუბოში, სამტრედიაში, ზესტაფონში, ხაშურში, ქარელსა და ახმეტაში.