იუსტიციის სახლებში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი 6000-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა

Thursday, 08 November 2018

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ფარგლებში, იუსტიციის სახლში მოწყობილ სპეციალურ სივრცეებში შემოწმება უკვე 6401-მა მოქალაქემ გაიარა. იუსტიციის სახლებში მოწყობილ სივრცეებში ყოველდღიურად სკრინინგს რამდენიმე ასეული ადამიანი იტარებს. იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით მიმდინარეობს.  სპეცსივრცეები დღეს მინისტრებმა თეა წულუკიანმა და დავით სერგეენკომ თბილისის იუსტიციის სახლში დაათვალიერეს.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მეტი ეფექტურობისა და მასში მაქსიმალურად მეტი საჭიროების მქონე მოქალაქის ჩართვის მიზნით, იუსტიციის სახლის 12 ფილიალში, კერძოდ: თბილისში, მარნეულში, ახალციხეში, ბათუმში, გორში, რუსთავში, გურჯაანში, ზუგდიდში, თელავში, ოზურგეთში, ფოთსა და ქუთაისში სპეციალური სივრცის მოსაწყობად იუსტიციის მინისტრის დავალებით გამოთავისუფლდა ფართები, სადაც 10 ოქტომბრიდან  C ჰეპატიტის სკრინინგის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.  სტატისტიკური მონაცემების თანახმად,  10 ოქტომბრიდან დღემდე იუსტიციის სახლის 12 ფილიალში სკრინინგი ჩაიტარა 6401-მა მოქალაქემ, რომელთაგან დადებითი შედეგი აღმოაჩნდა  180-ს, რაც შემოწმებულთა საერთო რაოდენობის 2.81 პროცენტს  წარმოადგენს. კვლევის შედეგები სკრინინგის პროექტში ჩართულ მოქალაქეს კონფიდენციალურობის სრული დაცვით ეგზავნება.

იუსტიციის სახლებში სპეციალური სივრცეების მოწყობის ინიციატივა თეა წულუკიანსა და დავით სერგეენკოს ეკუთვნის, რომელიც გაიზიარა საქართველოს მთავრობამ და 2018 წლის 7 სექტემბრის დადგენილებით მხარი დაუჭირა. სპეცკუთხეების იუსტიციის სახლებში მოწყობის მიზანია  C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში მაქსიმალურად მეტი ადამიანის ჩართვა. ყოველდღიურად იუსტიციის სახლებს 20 000-მდე  მომხმარებლი სტურმობს, რომელთა დიდი ნაწილი, შესაძლოა, სკრინინგისთვის  სპეციალურ ლაბორატორიაში მისვლას ვერ ახერხებდეს. იუსტიციის სახლებში, მათ მარტივად, ლაბორატორიაში მისვლის გარეშე ეძლევათ სკრინინგის ჩატარების საშუალება, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში კი, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტის სკრინინგის  უფასო აქცია თბილისის იუსტიციის სახლში აქამდეც ორჯერ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც სკრინინგი 3000-მდე მომხმარებელმა ჩაიტარა. სწორედ მიღებულმა შედეგებმა და  მომხმარებელთა მაღალმა აქტივობამ  განაპირობა, რომ სკრინინგის სპეცსივრცეები იუსტიციის სახლის 12 ფილიალში ხანგრძლივი დროით განთავსდება.

სკრინინგის აქციები მიზნად ისახავს C ჰეპატიტის ვირუსის დროულ გამოვლენას. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველა პირმა დროულად გაიგოს საკუთარი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებით.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 50 000-მდე პაციენტია ჩართული. განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ს შეადგენს.