გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო

Monday, 02 September 2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქალაქ ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დღეს დაიწყო.

განაცხადების შევსება დევნილის სტატუსის მქონე პირებს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეეძლებათ.

განაცხადების მიღება 2019 წლის 2 სექტემბრიდან დაიწყო და 2 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აღნიშნული სერვისის ფარგლებში, ამ ეტაპზე, განაცხადების მიღება წარმოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ქალაქ ზუგდიდში აშენებულ ბინებზე.

განცხადებით მომართვა შეუძლიათ ორი კატეგორიის დევნილ პირებს: ნებისმიერ დევნილ პირს და ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გამართული ომების დევნილ ვეტერანებს ან ამ ომებში დაღუპულების დევნილ ოჯახის წევრებს. 

ვეტერანების შემთხვევაში,  განცხადებების მიღება ამ ეტაპზე შესაძლებელია ზუგდიდში და ასევე თბილისსა და ქუთაისში აშენებულ ბინებზე. 

 

თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების შევსება მხოლოდ 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს შეუძლიათ. განმცხადებელმა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარმოადგინოს ომის ვეტერანის და/ან ოჯახის წევრის ომში დაღუპვის დამადასტურებელი საბუთები.

სერვისის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505.