ტაქსით გადაყვანის ნებართვის გაცემა თბილისის იუსტიციის სახლში დღეიდან დაიწყება

Wednesday, 10 July 2019

ტაქსით გადაყვანის ნებართვისა და ტაქსისთვის კატეგორიის შეცვლის სერვისის მიღება, თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებთან ერთად, დღეიდან თბილისის იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი. სერვისი ვრცელდება, როგორც მძღოლის საკუთრებაში, ასევე მესამე პირის, მათ შორის იურიდიული პირის საკუთრებაში მყოფ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.

თბილისის იუსტიციის სახლში ტაქსით გადაყვანის ნებართვის მიღება შესაძლებელი იქნება 10 ივლისიდან - 1 ოქტომბრამდე, მათ შორის მათთვისაც, ვისაც ამ დროისთვის ჯერ არ აქვთ მინიჭებული შესაბამისი კატეგორია. 1 ოქტომბრიდან კი, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ ექნება მინიჭებული A ან B კატეგორია, გაცემული ნებართვა გაუქმდება და მფლობელს მისი ხელახლა შეძენა მოუხდება. მოქალაქეებს, მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის მინიჭებული კატეგორიის ცვლილება შეეძლებათ უფასოდ. ტაქსით მომსახურების ნებართვის საფასური ბენზინის ძრავიანი ავტომობილისთვის შეადგენს 100 ლარს, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში - 50 ლარს, ელექტრო ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში კი სრულიად უფასოა. ნებართვის მიღების მიზნით განცხადების წარმოდგენისას, მძღოლმა თან უნდა იქონიოს ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი აქტიური PIN და PUK კოდებით.

ტაქსით გადაყვანის ნებართვა ძალაშია მისი გაცემის დღიდან - 1 წლის განმავლობაში. ხოლო მათ, ვისაც უკვე აღებული აქვთ ნებართვა და 1-ლი ოქტომბრიდან გასდის ვადა - შეუძლია წინასწარ გააკეთოს განცხადება „სამომავლო ნებართვაზე“, რაც გულისხმობს, რომ ახალი ნებართვის ვადის ათვლა დაიწყება წინა ნებართვის ვადის გასვლის თარიღიდან.

2018 წელს, ტაქსის რეფორმის ეფექტურად გახორციელების მიზნით, იუსტიციის სახლი ჩაერთო აღნიშნულ პროექტში, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის სახლის თანამშრომლები ტაქსის ლიცენზიის მიღების მსურველებს რეგისტრაციაში და ამ ლიცენზიის მოსაპოვებლად ელექტრონული ხელმოწერის დატანაში ეხმარებიან. ასევე, მოქალაქეებს, რომლებსაც პირადობის ელექტრონული მოწმობების კოდები დაკარგული ან ვადაგასული აქვთ, იუსტიციის სახლი კოდების აღდგენის მომსახურების მიღებაშიც გაუწევს დახმარებას.

ასევე, აღსანიშნავია, რომ  2018 წელს, იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმის შედეგად, შესაძლებელი გახდა დოკუმენტებზე სახლიდან გაუსვლელად ID ბარათით ხელმოწერის გაკეთება, შესაბამისად ლიცენზიის მსურველებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი, ვინაიდან აღნიშნული სერვისი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას დაზოგოს დრო და ონლაინ ვებგვერდის - www.taxi.tbilisi.gov.ge -ს გამოყენებით, სახელმწიფო უწყებებში ვიზიტის გარეშე, დამოუკიდებლად განახორციელოს ნებართვის მიღება.