იუსტიციის სახლი მომხმარებლისათვის ახალი სერვისების შეთავაზებას აგრძელებს

Friday, 26 January 2018

სახელმწიფო და კერძო უწყებების 400-მდე მომსახურებას, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს იუსტიციის სახლში შეუძლიათ, კიდევ ექვსი ახალი სერვისი დაემატა.  ეკომიგრანტი ოჯახებისთვის იუსტიციის სახლში უკვე დანერგილ სერვისს - განაცხადი ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების თაობაზე - დაემატა კიდევ 6 სერვისი, რომლებიც დაკავშირებულია ძირითად განაცხადთან:

 

  • ძირითად განაცხადში ოჯახის წევრის დამატება;
  • განაცხადიდან ოჯახის წევრის ამოღება;
  • განაცხადზე მინიჭებული სარეიტინგო ქულის მოთხოვნა;
  • ძირითადი განაცხადისთვის დამატებითი დოკუმენტის/ების წარმოდგენა;
  • ინფორმაციის წარმოდგენა შესასყიდი საცხოვრებელი სახლის შესახებ;
  • სხვა განცხადება (თავისუფალი შინაარსის განცხადება).

აღნიშნულ სერვისებზე, ბენეფიციარებს საშუალება აქვთ  განაცხადი შეიტანონ საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 19-ვე ფილიალში. აქამდე მსგავსი მომსახურებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს მხოლოდ 3 ტერიტორიულ ერთეულში: თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში იყო შესაძლებელი.

 

სერვისით სარგებლობა შუძლია, საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქესა და ოჯახს, რომელთა საცხოვრებელი სახლი, სტიქიური მოვლენების გამო დაზიანდა და საცხოვრებლად სახიფათოა. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ განაცხადის საფუძველზე მოითხოვონ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი 25 000 ლარის ფარგლებში. ბენეფიციარის მიერ იუსტიციის სახლში შემოტანილ განცხადებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკომიგრანტთა დეპარტამენტი განიხილავს.