იუსტიციის სახლში კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების შეტანის სერვისით ათასობით აბონენტი სარგებლობს

Wednesday, 24 April 2019

იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეებისთვის მომსახურების ერთ სივრცეში მიღების პროცესის გამარტივებაზე. კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემები ამ დრომდე 7 199-მა მომხმარებელმა დააფიქსირა. 

სემეკისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის შედეგად, იუსტიციის სახლში დაინერგა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების  კომპანიების მომსახურებები. კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების დაფიქსირება აბონენტებს იუსტიციის სახლის 22-ვე ფილიალში შეუძლიათ. 

სპეციალურად ამ სერვისისთვის მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შეიქმნა სამუშაო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლისგან ელექტრონული განცხადების მიღებას; ასევე, მონაცემების ელექტრონულ მიმოცვლას იუსტიციის სახლსა და კომპანიებს შორის.

თუ აქამდე ქონების რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეს უწევდა ვიზიტი მინიმუმ სამ კომპანიაში (მაგ.: თელასი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ყაზტრანსგაზ-თბილისი) გამოცხადება, რათა მატერიალურად შევსებული განცხადების საფუძველზე ქვითარში ძველი მესაკუთრის ნაცვლად დაეფიქსირებინა საკუთარი რეკვიზიტები, მომსახურების იუსტიციის სახლში დანერგვა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დაზოგოს დრო, ხარჯები და  ქონების რეგისტრაციის პარალელურად მხოლოდ ერთი განცხადებით მიმართოს 10 სხვადასხვა კომპანიას (თელასი, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ყაზტრანსგაზ-თბილისი, ენერგო-პრო ჯორჯია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, სოკარ ჯორჯია გაზი, საქორგგაზი, შპს რუსთავის წყალი, შპს მცხეთის წყალი, შპს თელავგაზი) ქვითარში აბონენტის რეკვიზიტების შეცვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ჩამონათვალს უახლოეს ხანში კიდევ 25 ახალი კომპანია დაემატება.

იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-მდე სერვისის მიღებას მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იღებს. 

იუსტიციის სახლის სერვისების მიწოდების კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისა და ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ორგანიზაციაში ზრუნვა კვლავ გაგრძელდება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის მიღწევას - კიდევ უფრო გაუმჯობესდეს მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი.