ონში რიგით მეცხრამეტე იუსტიციის სახლი გაიხსნა

Wednesday, 05 October 2016

4 ოქტომბერს ონის იუსტიციის სახლი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. 5 ოქტომბრიდან იუსტიციის სახლის 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ონის მცხოვრებთაც შეუძლიათ. იუსტიციის სახლის რიგით მეცხრამეტე ფილიალი ონში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.

ონის იუსტიციის სახლი პირველია რაჭა-ლეჩხუმში. ის მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. სერვისების მიღება ონშიც მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იქნება შესაძლებელი. ონის იუსტიციის სახლი შოვისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მდებარეობს და ის მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებსა და დამსვენებლებს და მათ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებზე წვდომას გაუადვილებს.

ონის იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიება საღამოს 19:00 საათიდან დაიწყო. ოფიციალურ სტუმრებთან ერთად ცერემონიალს ონის მცხოვრებნი და ქალაქის სტუმრები დაესწრნენ. გაიმართა გრანდიოზული კონცერტი, საღამოს კი ფოიერვერკით დასრულდა.

ონის იუსტიციის სახლი 531 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ვახტანგ მეექვსეს ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის ტენდერით შერჩეული პროექტით განხორციელდა.

ონის იუსტიციის სახლი ბოლო ორი წლის განმავლობაში აშენებული მეშვიდე ფილიალია. 2013 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომისა და ლაგოდეხის იუსტიციის სახლები. უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი იუსტიციის სახლი ახალქალაქში გაიხსნება.

იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას ონში დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.