იუსტიციის სახლმა პროექტის - „გაუმჯობესებული სერვისები ყველასათვის - მეორე ეტაპი“ შუალედური ანგარიში დისტანციური რეჟიმის პირობებში წარადგინა

Thursday, 16 April 2020

იუსტიციის სახლმა პროექტის - „გაუმჯობესებული სერვისები ყველასათვის - მეორე ეტაპი“ შუალედური ანგარიში მასში ჩართულ ყველა მხარეს წარუდგინა. პროექტის უმთავრეს ამოცანას, ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი, გაუმჯობესებული სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

იუსტიციის სახლი მკაცრად იცავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, უფრთხილდება მომხმარებლის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების უფლებებს და პროექტის - „გაუმჯობესებული სერვისები ყველასათვის - მეორე ეტაპის“ მიმდინარეობას კვლავ აქტიურად განაგრძობს. 

შუალედური ანგარიშის წარდგენაში მონაწილეობდნენ: იუსტიციის სახლის თანამშრომლები; სფეროს ექსპერტები; დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.დისტანციური შეხვედრა იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ (ოპერაციების დირექტორმა) - ნატალია აბაშმაძემ გახსნა და ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებზე.

იუსტიციის სახლის პროექტი - „გაუმჯობესებული სერვისები ყველასათვის - მეორე ეტაპი“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2019 წლის ივლისიდან მიმდინარეობს. პროექტის ძირითად მიმართულებას, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურების, ასევე მომხმარებლებს შორის ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების საკითხებში იუსტიციის სახლის თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლება  წარმოადგენს.

დისტანციურ შეხვედრაზე მოწვეულ პირებს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგები წარედგინათ. ანგარიშები მოიცავდა სამ ძირითად თემატიკას: ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურების სირთულეებს; მომსახურების პროცესში ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებასა და სერვისების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ორი სახელმძღვანელო/გზამკვლევი - „ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში“ და „მომხმარებელთა შორის ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების სახელმძღვანელო“. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით შემუშავდა ტრენინგ მოდულები, რომლის ფარგლებშიც გადამზადდება იუსტიციის სახლის წინა ხაზის ყველა (850-მდე) თანამშრომელი.

უკვე შემუშავებული ტრენინგ-მოდულები გახდება იუსტიციის სახლის ახალი თანამშრომლების გადამზადების სისტემის ნაწილი, რაც პროექტის შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობით გამოიკვეთა ის პრიორიტეტული სერვისები, რომელთა გახმოვანებაც მნიშვნელოვანია უსინათლო და მცირემხედველი პირების მომსახურებისათვის. სწორედ ამ მიზნით, იუსტიციის სახლმა შეისყიდა პროგრამა/სინთეზატორი, რომლითაც შესაძლებელია  მნიშვნელოვანი დოკუმენტების გახმოვანება.

იუსტიციის სახლის 450-მდე სერვისიდან, ამ ეტაპზე, 350-ისთვის შეიქმნა სტანდარტული ოპერაციული პროცედურა (SOP), მიმდინარეობს მუშაობა სერვისების რედიზაინის და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადების მიმართულებით. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს იუსტიციის სახლის სერვისების ყველა პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომობას.

იუსტიციის სახლის 73 თანამშრომელმა წარმატებით გაიარა ჟესტური ენის ტრენინგი. გადამზადების შედეგად, თბილისის, რუსთავის, მარნეულის, გორის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მომსახურების პროცესში საბაზისო დონეზე, დამოუკიდებლად, შეუძლიათ კომუნიკაცია ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებთან.

იუსტიციის სახლი მომავალშიც განაგრძობს მუშაობას საჯარო მომსახურების სისტემის დახვეწაზე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.