იუსტიციის სამინისტრომ პასპორტის გაცემისას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება დაიწყო

Monday, 28 March 2016

იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისას ევროკავშირში უვიზო  მიმოსვლის წესების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.  მომზადდა სპეციალური ბროშურა, სადაც უვიზო მიმოსვლის წესები და რეგულაციებია განმარტებული, რათა საქართველოს მოქალაქეს აღნიშნულ თემაზე საჭირო ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს. იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში პასპორტის აღებისას უკლებლივ ყველა მოქალაქეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ მომზადებული ბროშურა გადაეცემა; ოპერატორებმა კი სპეციალური ტრენინგი გაიარეს, რათა აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეებს მათთვის საინტერესო ნებისმიერი ნიუანსი ადგილზე განუმარტონ.
ბროშურაში დეტალურადაა გაწერილი ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის: ჩამონათვალი ქვეყნებისა, სადაც უვიზოდ მოგზაურობაა შესაძლებელი; ვიზიტის ხანგრძლივობა და მიზანი; საჭირო დოკუმენტების ნუსხა. საინფორმაციო კამპანიის მიზანია პასპორტის მიღების დროს საქართველოს მოქალაქეების დროული ინფორმირება ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის აუცილებელი წესების შესახებ.
ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ  ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში (ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, შვედეთი).