თბილისის იუსტიციის სახლში შშმ პირების მიერ დამზადებული ნივთების საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

Tuesday, 09 January 2018

თბილისის იუსტიციის სახლში 5 აინვარს, იუსტიციის სამინისტროს და „მშობელთა კავშირის“ - „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის“ ორგანიზებით, შშმ პირების მიერ დამზადებული ნივთების საშობაო გამოფენა - გაყიდვა მოეწყო. 

საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის“ ბაზაზე დაფუძნებული სოციალური საწარმოს „სხივი“ და „გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოს“ მიერ დამზადებული ნივთები, რომელთა დათვალიერება და შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

ასოციაცია ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზრდილთა საზოგადოებაში ინტეგრირებას სწავლების ინკლუზიური მეთოდების გამოყენებითა და სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.

იუსტიციის სახლში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი ღონისძიება ჩატარებულა. ორგანიზაცია აგრძელებს ტრადიციას და საჯარო სივრცეს კიდევ ერთხელ  უთმობს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობას.  

ღონისძიებას იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი დაესწრო. მისი განცახდებით, იუსტიციის სახლი მხარს უჭერს თანაბარ უფლებებს, მზად არის უმასპინძლოს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ინიცირებულ პროექტებს და ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლი აქტიურად არის ჩართული ფილიალების შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურული განვითარების ნაწილში. გასული წლის განმავლობაში თბილისის იუსტიციის სახლი სრულად ადაპტირდა მცირემხედველი და უსინათლო პირებისთვის. ასევე სამომავლოდ დაგეგმილია, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალის ადაპტირება ქვეყნის მასშტაბით.