გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე განაცხადების მიღება 5 ოქტომბერს სრულდება

Thursday, 04 October 2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სერვისის - გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, განაცხადების მიღება იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში 25 სექტემბერს დაიწყო და 5 ოქტომბერს დასრულდება.  

ამ დროისთვის, იუსტიციის სახლს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე 500-ზე მეტი განაცხადი აქვს მიღებული.

აღნიშნული სერვისის ფარგლებში, განაცხადების მიღება წარმოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ თბილისსა და მარნეულში აშენებულ ბინებზე.

განაცხადის შევსების ეტაპზე, სავალდებულოა, განმცხადებელს თან ახლდეს ოჯახის თითოეული სრულწლოვანი წევრი და ფლობდეს არასრულწლოვნის დაბადების მოწმობებს, ან წარმოადგინოს ოჯახის ყველა წევრის მინდობილობა.

იმისთვის, რომ ოჯახმა დააგროვოს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მისაღებად საკმარისი ქულა, აუცილებელია, ბენეფიციარმა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები, რომელიც მოიცავს მიზეზს, რისთვისაც ენიჭებათ მათ ქულები.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია, თბილისში ბინის მიღების მსურველები 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულები იყვნენ თბილისში. ხოლო მარნეულში ბინის მიღების მსურველები რეგისტრირებულები უნდა იყვნენ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.

სერვისის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს: 1505, 1407; 0302; 2 43 11 00.