იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებზე საფასურის გადახდას მომხმარებლები ოპერატორთან თიბისი ბანკის პოსტერმინალებით შეძლებენ

Friday, 21 July 2017

დღეიდან, იუსტიციის სახლში მოსულ მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების საფასურის გადახდა განაცხადის მიმღებ ოპერატორთან საბანკო პლასტიკური ბარათით შეეძლებათ.

ხელშეკრულებას  იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და თიბისი ბანკს შორის უკვე მოეწერა ხელი.


იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართულებით მომუშავე თითოეული ოპერატორის სამუშაო მაგიდაზე თიბისი ბანკის პოსტერმინალი  განთავსდა, რაც მოქალაქეებისთვის მომსახურების მიღების პროცესს კიდევ უფრო სწრაფსა და კომფორტულს ხდის. 236 პოსტერმინალი იუსტიციის სახლს თიბისი ბანკმა გადასცა. სიახლის დანერგვისთვის საჭირო პროგრამული კომპონენტი კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურმა უზრუნველყო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების მიმართულებით მომსახურების საფასურის გადახდა იუსტიციის სახლის 19-ვე ფილიალში ნებისმიერი ტიპის საბანკო პლასტიკური ბარათითაა შესაძლებელი, რომლითაც დაშვებულია ანგარიშსწორება საქართველოს ტერიტორიაზე.  

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართულებით მომუშავე ოპერატორებთან თიბისი ბანკის პოსტერმინალები 2016 წლიდან არის განთავსებული.  მომსახურების საფასურის გადასახდელად მოქალაქეებს იუსტიციის სახლში არსებული ბანკის ფილიალებში მისვლა აღარ მოუწევთ. მათ შეუძლიათ, თანხა უშუალოდ ოპერატორებთან ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით გადაიხადონ როგორც საჯარო, ისე სამოქალაქო სერვისების მიმართულებით.