იუსტიციის სახლი მუშობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის და შეზღუდვებს აწესებს

Sunday, 15 March 2020

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლი მუშობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის და შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ, 14 მარტიდან ორი კვირის განმავლობაში შაბათს და კვირას არ იმუშავებს იუსტიციის სახლის არცერთი ფილიალი. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, შაბათს და კვირას სერვისების დაჩქარებული წესით მიღება შეუძლებელი იქნება.

ამასთანავე, ორშაბათიდან, 16 მარტიდან, თბილისის იუსტიციის სახლში, მოქალაქეებს მზა დოკუმენტის გატანის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ „ჯასთ დრაივის“ სარკმელებიდან, რომელიც იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა ფლიგელზე, ავტოსადგომის მხარეს მდებარეობს. მოქალაქეთა ნავიგაციის გამარტივების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სანავიგაციო მანიშნებლები.

ასევე, 16 მარტიდან, მუშობას ერთი კვირით შეაჩერებს გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი.

იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში დროებით გაუქმდება ბავშვთა სივრცეები. ასევე, მუშობას შეწყვეტს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლებში მდებარე ჯასთ-კაფეები.

მუშაობას დროებით შეაჩერებს იუსტიციის სახლის ფილიალებში განთავსებული C ჰეპატიტის სკრინინგის სივრცეები.

პირველ აპრილამდე დისტანციურ რეჟიმზე იმუშავებს იუსტიციის სახლის ადმინისტრაციული ნაწილი ე.წ. ბექ-ოფისიც. საქართველოს მასშტბით იუსტიციის სახლის ადმინისტრაციის 108 თანამშრომლიდან დისტანციურად იმუშავებს 55 პირი. იმისთვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დაკისრებული სამუშაოს სახლიდან განხორციელება, იუსტიციის სახლის IT თანამშრომლების, ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის და „სმართ ლოჯიქის“ მიერ მოხდა შიდა დაცული ქსელის (VPN) აწყობა. ეს ხელს შეუწყობს თანამშრომელთა კოორდინირებულ მუშაობას და იუსტიციის სახლის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებას. რაც შეეხება წინა ხაზის თანამშრომლებს, მათი სამუშაო განრიგი შეიცვლება და სამუშაო საათები შემცირდება.

აქვე მოგიწოდებთ, დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

#StopCoV