რა არის ალიმენტი და როგორ ხდება იძულებითი აღსრულების დაწყება?

ალიმენტი არის პირისათვის ოჯახის წევრის რჩენის მიზნით  სასამართლოს მიერ დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხა.

სააღსრულებო საქმისწამოების დასაწყებად იუსტიციის სახლში ან აღსრულების ეროვნულ ბიუროში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • სასამართლოს გადაწყვეტილება (დამოწმებული ასლი)
  • სააღსრულებო ფურცელი (დედანი)
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • რწმუნებულება/მინდობილობა(დედანი) (წარმომადგენლობის შემთხვევაში)
  • საბანკო რეკვიზიტები, სადაც უნდა მოხდეს ალიმენტის თანხის გადარიცხვა.

ალიმენტის საქმეებთან დაკავშირებით კრედიტორი თავისუფლდება აღსრულების საფასურის წინასწარ გადახდისგან. აღსრულების საფასური - აღსასრულებელი მოთხოვნის 7%-ის გადახდა ეკისრება მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე.

ალიმენტი განეკუთვნება დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა კატეგორიას და შესაბამისად მოვალეს ეგზავნება წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით, დაუყოვნებლივ შესრულების შესახებ.

წინადადების ჩაბარებასთან ერთად აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, მიმართავს შსს, საჯარო რეესტრს, სამეწარმეო რეესტრს, შემოსავლების სამსახურს და საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო დაწესებულებას შესაბამის ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ მოვალის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულება არ იქნება სრულად შესრულებული, აღმასრულებელი ახორციელებს დამატებით სააღსრულებო მოქმედებებს, როგორიცაა: მოვალის საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხის საინკასო დავალებით ჩამოჭრა, მოვალის კუთვნილი ავტომანქანების ძებნა-დაკავებაზე გადაცემა, მოვალის საცხოვრებელ მისამართზე გასვლა მისი მოძრავი ნივთების აღწერა-დაყადაღების მიზნით და მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.

მოვალის ქონებაზე აუქციონი ტარდება ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში.

იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნება.

აუქციონზე ნივთის რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხით ხდება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო ნამეტი თანხა(ასეთის არსებობის შემთხვევაში) უბრუნდება მოვალეს.

 

ალიმენტის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე, როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, აღმასრულებელი დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს - პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსამართლეს გამოაქვს შესაბამისი განჩინება.