საქმის შემოსვლის შემდეგ იგი ნაწილდება კონკრეტულ აღმასრულებელზე, რომელიც 5(ხუთი) დღის ვადაში გადმოგიგზავნით წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე.

საქმის რეგისტრაციისთანავე მოხდება თქვენი რეგისტრაცია მოვალეთა რეესტრში (მოვალეთა რეესტრში პირი ხდება არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის შემთხვევაში), რაც გამოიწვევს შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლების შეზღუდვას.

პარალელურად აღმასრულებელი დაიწყებს თქვენი ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, მიმართავს შსს, საჯარო რეესტრს, სამეწარმეო რეესტრს, შემოსავლების სამსახურს და საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო დაწესებულებას შესაბამის ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ შვიდი დღის ვადაში თქვენს  მიერ  დაკისრებული ვალდებულება არ იქნება სრულად შესრულებული, აღმასრულებელი განახორციელებს დამატებით სააღსრულებო მოქმედებებს, როგორიცაა: თქვენს საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხის საინკასო დავალებით ჩამოჭრა, თქვენი კუთვნილი ავტომანქანების ძებნა-დაკავებაზე გადაცემა, თქვენს საცხოვრებელ მისამართზე მოსვლა მოძრავი ნივთების აღწერა-დაყადაღების მიზნით და ამ ქონების აუქციონზე რეალიზაცია.

ქონებაზე აუქციონი ტარდება ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში.

იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნება.

აუქციონზე ნივთის რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხით ხდება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო ნამეტი თანხა(ასეთის არსებობის შემთხვევაში) გიბრუნდებათ თქვენ.

სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარმოდგენის შემთხვევაში კრედიტორი (სახელმწიფო ბიუჯეტი) თავისუფლდება საფასურის წინასწარ გადახდისაგან და მისი ამოღება ხდება მოვალისგან აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად.

აღნიშნულ საქმეებზე აღსრულების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) 100 ლარამდე ოდენობის ჯარიმის/საურავის შემთხვევაში - ჯარიმის/საურავის თანხის 25%, მაგრამ არანაკლებ 20 ლარისა;

ბ) 100-დან - 200 ლარამდე ოდენობის ჯარიმის/საურავის შემთხვევაში - ჯარიმის/საურავის თანხის 20%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა;

გ) 200-დან - 500 ლარამდე ჯარიმის/საურავის შემთხვევაში - ჯარიმის/საურავის თანხის 10%, მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა;

დ) 500 ლარის და მეტი ჯარიმის/საურავის შემთხვევაში - ჯარიმის/საურავის თანხის 7 %, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა.