აღმასრულებელი სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან ხუთი დღის ვადაში უგზავნის მოვალეს წინადადებას გადაწყვეტილების შვიდი დღის ვადაში ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. აღნიშნული წინადადებით  მოვალეს ასევე ეცნობება:

  • ინფორმირებიდან 7 დღის ვადაში მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულების შემთხვევაში მხოლოდ კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი აღსრულების საფასურის შესაბამისი ნაწილის, ხოლო ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში - აღსრულების საფასურის სრული ოდენობით დაკისრების შესახებ;
  • „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი უფლებები;
  • სააღსრულებო წარმოების დაწყების სამართლებრივი შედეგები;
  • იძულებითი აღსრულებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული შესაძლო გასატარებელი ღონისძიებები;
  • აღსრულების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების წესი და საშუალებები.
  • მოვალეს იძულებითი აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობება.

წინადადების ჩაბარებასთან ერთად აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების მოძიებას, აღწერას და მასზე ყადაღის დადებას ამ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, მიმართავს საჯარო რეესტრს, იპოთეკით უზრუნველყოფილი ქონების დაყადაღებისა და სამართლებრივი მდგომარეობის შემოწმების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ შვიდი დღის ვადაში მოვალის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულება არ იქნება სრულად შესრულებული, აღმასრულებელი აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მეშვეობით ახორციელებს იპოთეკით უზრუნველყოფილი ქონების შეფასებას და აუქციონზე რეალიზაციას.

მოვალის ქონებაზე აუქციონი ტარდება ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში.

იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის უკან დაბრუნება.

აუქციონზე ნივთის რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხით ხდება კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ხოლო ნამეტი თანხა(ასეთის არსებობის შემთხვევაში) უბრუნდება მოვალეს.