მოძრავი ქონება

  1. რა არის მოძრავი ქონება?

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება არის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მოძრავი ქონება, ან სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირისთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული მოძრავი  ქონება.

 

  1. სად შეიძლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონებით დაინტერესების შემთხვევაში განცხადების ჩაბარება?

დაინტერესებულმა პირმა, უნდა მიმართოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ  მომსახურების ცენტრს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.

 

  1. რა შემთხვევაში იღებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო?

თუ მოძრავი ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;

 

  1. ვინ იღებს გადაწყვეტილებას პირდაპირი ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით?

პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაწყვეტილებას სააგენტოს წარდგინებით იღებს საქართველოს მთავრობა.

 

  1. რა ფორმით არის შესაძლებელი მოძრავი ქონების გასხვისება?
  • აუქციონის ფორმით პრივატიზება;
  • აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა;
  • პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება;
  • პირდაპირი ფორმით სარგებლობაში გადაცემა;
  • უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;
  • კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი ფორმით პრივატიზება;
  • კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი ფორმით სარგებლობაში გადაცემა.

 

  1. ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?
  • საქართველოს მოქალაქე;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირი ან იმ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25 %-ზე ნაკლებია.
  • სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
  • საქართველოს ეროვნული ბანკი;
  • სახელმწიფო ორგანო;
  • ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია.

 

  1. მოძრავ ქონებაზე განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგნელი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.