არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა

  1. რა არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა?

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად ითვლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ან დაურეგისტრირებელი მიწა, რომელიც არ განეკუთვნება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიას. საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობებით ან მათ გარეშე.

 

  1. სად შეიძლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით დაინტერესების შემთხვევაში განცხადების ჩაბარება?

დაინტერესებულმა პირმა, უნდა მიმართოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ  მომსახურების ცენტრს ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს.

 

  1. რა ფორმით არის შესაძლებელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადაცემა?
  • აუქციონის ფორმით პრივატიზება;
  • აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა;
  • პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება;
  • პირდაპირი ფორმით სარგებლობაში გადაცემა;
  • უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა;
  • კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი ფორმით პრივატიზება;
  • კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი ფორმით სარგებლობაში გადაცემა.

 

  1. ვინ იღებს გადაწყვეტილებას, პირდაპირი ფორმით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განკარგვასთან დაკავშირებით?

პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაწყვეტილებას, სააგენტოს წარდგინებით, იღებს საქართველოს მთავრობა.

 

  1. ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი?
  • საქართველოს მოქალაქე;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე;
  • კერძო სამართლის იურიდიული პირი ან იმ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25 %-ზე ნაკლებია.
  • სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;
  • საქართველოს ეროვნული ბანკი;
  • სახელმწიფო ორგანო;
  • ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო;
  • საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია.

 

  1. განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგნელი ვადა, რომელიც შეადგენს ერთ თვეს. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ზემოაღნიშნულზე მეტი ვადა, საქმისწარმოების დაწყებისას მიიღება გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 3 (სამი) თვეს.