არასრულწლოვანი პირისთვის ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს:
- დადგენილი ფორმის განცხადება;
- პასპორტი ან მოქალაქეობისა და ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- დაბადების მოწმობა, თუ არასრულწლოვანი დაბადებულია საზღვარგარეთ;
- 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის თანხმობა;
- არასრულწლოვნის ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
- ფოტოსურათი;
- მომსახურეობის საფასურის გადახდის დამარასტურებელი ქვითარი.
- ასევე არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მოპოვების საფუძვლების გათვალისწინებით ა; ბ ან გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები:
ა) არასრულწლოვანის მშობლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) არასრულწლოვანის მშობლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შვილად აყვანის დოკუმენტი;
გ) არასრულწლოვანის ლტოლვილის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატის დამადასტურებელი დოკუმენტი და 5 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ლტოლვილის სტატუსის დადგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე თანხმობა შეიძლება გამოხატული იყოს:
-
სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;
-
სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით, წერილობითი ფორმით;
-
პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით, თუ დადასტურებულია განმცხადებლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით;
-
სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ !!!
ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.
ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.