საქართველოში ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაციას, სამედიცინო დაწესებულება, ელექტრონული შეტყობინებით, თავად აწვდის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს,  რომელიც  ახორციელებს  დაბადების  ფაქტის რეგისტრაციას.  შესაბამისად, მშობელს დაბადების მოწმობის მისაღებად მხოლოდ  იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს   ნებისმიერ   ტერიტორიულ სამსახურში მისვლა სჭირდება.

გარდა ზემოაღნიშნულისა,  თუ  ბავშვი  დაიბადა სამედიცინო  დაწესებულების გარეთ ან სხვა სახელმწიფოში,  ბავშვის  დაბადების  შესახებ   მარეგისტრირებელ   ორგანოს რეგისტრაციის   მოთხოვნით  შეუძლია  მიმართოს  ასევე   ბავშვის  მშობელმა.

თუ  პირი, რომლის დაბადებაც არ არის რეგისტრირებული, იმყოფოება  მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მეურვეობისა  და   მზრუნველობის ქვეშ ან სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულების  აღსაზრდელია,  მარეგისტრირებელ   ორგანოს დაბადების  რეგისტრაციის   მოთხოვნით   შეუძლია  მიმართოს  აღნიშნული  დაწესებულების  ხელმძღვანელმა ან  მეურვეობისა  და   მზრუნველობის ორგანომ.  

 

დაბადების რეგისტრაციის თაობაზე განცხადების წარდგენაზე უფლებამოსილმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს რეგისტრაციის საფუძვლის გათვალისწინებით ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

  •  სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე;
  •  გადაწყვეტილება დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; 
  • მშობლების მითითების საფუძვლის გათვალისწინებით:

ქორწინებაში მყოფმა მშობლებმა უნდა წარადგინონ

  • ქორწინების მოწმობა;
  • მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ქორწინებაში  არმყოფმა  მშობლებმა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინონ

  • ორივე მშობლის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ქორწინებაში  არმყოფმა  დედამ ბავშვის  დაბადების  რეგისტრაციისათვის უნდა   წარმოადგინოს

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

შენიშვნა: თუ ქორწინებაში არმყოფი ერთ–ერთი ან ორივე მშობელი არასრულწლოვანია, ასევე წარსადგენია - ბავშვის არასრულწლოვანი დედის ან/და მამის დაბადების მოწმობა და მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.