გადახდისუუნარობა გულისხმობს სამეწარმეო საქმიანობის განმხორციელებული სუბიექტის უუნარობას გადახდის დადგენილი ვადის გასვლისთვის შეასრულოს კრედიტორის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულებები. გადახდისუუნარობა შეიძლება გახდეს გაკოტრების პროცედურების ინიცირების საფუძველი.

საქართველოში გადახდისუუნარობის პროცედურები რეგულირდება საქართველოს კანონით გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ.

  „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მთავარ მიზანს წარმოადგენს:  მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

 ვის მიმართ შეიძლება დაიწყოსგადახდისუუნარობის საქმის წარმოება":   „გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული სამეწარმეო სუბიექტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, არარეგისტრირებული კავშირების და ამხანაგობების მიმართ.

 ვიზე არ ვრცელდებაგადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები:

ა)ფიზიკურ პირები (ინდივიდუალური მეწარმეების გარდა);

ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირები;

გ) ბანკები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები და სადაზღვევო კომპანიები, რომელთა გადახდისუუნარობის საკითხი წესრიგდება სპეციალური კანონმდებლ

ობით.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნთანავე:

ა) ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;

ბ) იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა;

გ) ინიშნება მეურვე.

დ) მოვალეს მეურვის თანხმობის გარეშე ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება.

 კანონის თანახმად - მეურვე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო.

 მეურვის უფლება-მოვალეობებია:

ა) განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში;

ბ) დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

გ) მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში;

დ) განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები;

ე) მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს;

ვ)კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება;

ზ) შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან;

თ) განიხილოს მოვალე საწარმოს მიერ დასადები გარიგება, რის შემდეგაც გასცეს თანხმობა ან უარი ამ გარიგების დადებაზე.

მეურვე კრედიტორთა პირველ კრებაზე, სასამართლოსა და კრედიტორთა წინაშე წარსდგება მოხსენებით, მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობის და ვალდებულებების შესახებ.

კრედიტორთა პირველ კრებაზე, სასამართლოს მიერ დგება კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი და განისაზღვრება მათი დაკმაყოფილების რიგითობა.

კრედიტორთა პირველი კრების დასრულების შემდგომ, კრედიტორებმა და მოვალემ შეიძლება ერთობლივად შექმნან მომრიგებელი საბჭო.

მომრიგებელი საბჭო შეისწავლის მოვალე საწარმოს ქონებრივ და ფინანსურ მდგომარეობას, რის შემდგომაც იღებს გადაწყვეტილბას გადახდისუუნარობის საქმისწარმოების პროცესის შეწყვეტის, მოვალე საწარმოს რეაბილიტაციის ან მოვალის გაკოტრების შესახებ.

გადახდისუუნარობის საქმისწარმოების პროცესის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ რეალურად საწარმოს არ აქვს ფინანსური პრობლემები და იგი არ დგას გადახდისუუნარობის საფრთხის წინაშე. ასეთ შემთხვევაში მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლო წყვიტავს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების პროცესს, რის შედეგადაც მეურვეს უწყდება უფლებამოსილება და მოვალე საწარმო უბრუნდება თავის პირვანდელ სამართლებრივ მდგომარეობას.

 რა შედეგს იწვევს მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება მოვალე საწარმოს რეაბილიტაციის შესახებ?

საწარმოს რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების შემდგომ, საწარმოში ინიშნება რეაბილიტაციის მმართველი და დგება საწარმოს რეაბილიტაციის გეგმა. რეაბილიტაციის მმართველი წარმართავს და უზრუნველყოფს რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას. რეაბილიტაციის პროცესი მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით ეტაპობრივ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად მოვალის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მართვის სისტემის სრულყოფის, მოვალის კომერციული საქმიანობის წარმატებულობისა და მომგებიანობის ზრდის, აგრეთვე სამეურვეო ქონების შესაძლო ოპტიმიზაციის გზით

 

რა შედეგს იწვევს მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება საწარმოს გაკოტრების შესახებ?

საწარმოს გაკოტრების შესახებ მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმისწარმოების დაწყების შესახებ. რეაბილიტაციის პროცესი მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით შესაძლოდ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად მოვალე საწარმოს კუთვნილი ქონების რეალიზაციის გზით.

მოვალე საწარმოს მიმართ გაკოტრების პროცესის დაწყების შემთხვევაში კრედიტორები ირჩევენ საწარმოს გაკოტრების მმართველს. თუ კრედიტორები ვერ შეთანხმდებიან გაკოტრების მმართველის კანდიდატურაზე, სასამართლო გაკოტრების მმართველად დანიშნავს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

გაკოტრების მმართველი ახორციელებს მოვალის ქონების აუქციონზე რეალიზაციას.

 იმ შემთხვევაში თუ გაკოტრების მმართველად დანიშნულია კერძო პირი (და არა  სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო), ასეთ შემთხვევაში გაკოტრების მმართველი  ვალდებულია მოვალე საწარმოს ქონებაზე აუქციონის ჩატარების მიზნით მიმართოს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს სააუქციონო მომსახურების გაწევა.

მოვალე საწარმოს ქონების მიმართ ჩატარებულ პირველ აუქციონზე ქონება გადის ერთიანი კომპლექსის სახით, აუქციონზე ქონების საწყის ღირებულებად კი განისაზღვრება ქონების საბაზრო ღირებულები 50 %.

თუ პირველ აუქციონზე ქონება არ გაიყიდა, მოვალის ქონებაზე ინიშნება მეორე აუქციონი. მეორე აუქციონზე ქონების ფასს და ლოტების რაოდენობას განსაზღვრავენ კრედიტორები, წინააღმდეგ შემთხვევაში ქონება აუქციონზე გავა კვლავ ერთიანი კომპლექსის სახით, ქონების საწყისი ფასი კი განისაზრვრება ქონების საბაზრო ღირებულების 25%-თ.

თუ ქონება, მეორე აუქციონზეც არ გაიყიდა, აღსრულების ეროვნული ბიურო მოვალის ქონებაზე ატარებს მესამე აუქციონზე და ქონების ლოტებად დაყოფის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს თავად. ამ შემთხვევაში მესამე აუქციონზე ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება 0 ლარით.

მას შემდეგ რაც მოვალე საწარმოს კუთვნილი ქონება სრულად გაიყიდება აუქციონზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, შემოსულ თანხას კრედიტორებზე  ანაწილებს  სასამართლოს მიერ დადგენილი რიგითობის შესაბამისად.

ქონების სრულად რეალიზაციის და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების კრედიტორებზე განაწილების შემდგომ, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარობის საქმისწარმოების პროცესის დასრულების და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად: მოვალის ინიციატივით დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მოვალის გაკოტრებით სრულდება არა უგვიანეს 207 დღისა ხოლო კრედიტორის განცხადების საფუძველზე მოავალის მიმართ გახსნილი გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, მოვალის გაკოტრებით სრულდება არა უგვიანეს 225 დღისა.