ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

ქირავნობის/ქვექირავნობის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის  სავალდებულოა, რომ  ხელშეკრულებაში განსაზღვრული  იყოს ქირავნობის ვადა.  ასევე ქირავნობის საგანი, რადგან ფართზე, რომელზეც ქირავნობა უკვე რეგისტრირებულია ახალი ქირავნობის უფლება ვერ წარმოიშობა, მანამ  სანამ არ მოხდება უკვე არსებული ქირავნობის გაუქმება.

დამქირავებელს აქვს უფლება, გაქირავებული ნივთი გამქირავებლის თანხმობის შემთხვევაში გადასცეს მესამე პირს სარგებლობაში, რასაც ქვექირავნობა ეწოდება.

დამქირავებელს არა აქვს უფლება, გაქირავებული ნივთი გამქირავებლის თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს

იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

მოიჯარეს უფლება აქვს, იჯარით გაცემული ნივთი მეიჯარის თანხმობის შემთხვევაში გადასცეს მესამე პირს სარგებლობაში, რასაც ქვეიჯარა ეწოდება.

მოიჯარეს არა აქვს ქვეიჯარის გაცემის უფლება მეიჯარის თანხმობის გარეშე

ვალდებულების უფლების რეგისტრაციისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება საბუთების მიმღები ოპერატორის მიერ);
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;       
  3. სათანადო წესით დამოწმებული ვალდებულების წარმოშიბის/ცვლილების/გაუქმების დოკუმენტი;

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

შენიშვნა: მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია იუსტიციის სახლში;

კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლოა, დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად.