2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა; მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა. ახალი კანონი უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

 

1. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, საკუთარი ინიციატივით ახდენს საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიებას.

უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიება ხდება:

  • სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან;
    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ-შემოსავლების სამსახურიდან;
  • შესაბამისი რაიონის თვითმმართველი ერთეულიდან;
  • საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივიდან;
  • სახელმწიფო სერვისების განვითარების ეროვნული სააგენტოდან;

2. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგანტო ახორციელებს მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერას და შესრულებული სამუშაოს შედეგების დოკუმენტირებას მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში.

 3. თუ ორი ან მეტი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს შორის არსებობს შეუთანხმებლობა ამ მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის დადგენასთან დაკავშირებით. სააგენტო დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს_“მედიაციას“. მედიაციის პროცესს წარმართავენ ან „მედიატორი ნოტარიუსები“, ან „სპეციალური ცოდნის მქონე პირები“. კერძოდ: თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამახურის მთავარი სპეციალისტი; აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი; თვითმმართველი ერთეულის, მუნიციპალიტეტის ან გამგეობის წარმომადგენლები; მედიატორების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე http://napr.gov.ge/p/1467მედიაციის დროს დავის მოგვარების წესი გამარტივებულია და წარმოადგენს სასამართლო წესით დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებას.

 4. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უზრუნველყოფს სააგენტო. 

 

მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე,

სისტემური რეგისტრაცია წარმოებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის მიერ პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე.

 საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა:

  • მიღება-ჩაბარების აქტი;
  • კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება;
  • მხარეებს შორის გაფორმებული გარიგება;

 მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა:

  •  2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება;
  • საკომლო წიგნიდან ამონაწერი;
  • მებაღის წიგნაკი;
  • მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია;
  • მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია);

 

        

 

 

საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირს/მესაკუთრე ფიზიკურ პირს ან/და მესაკუთრე კერძო სამართლის იურიდიულ პირს და მოსარგებლეს შორის ფორმის დაუცველად (ზეპირად ან წერილობით) დადებული გარიგების არსებობის ფაქტი დგინდება მხარეებს შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმებით, რომელზედაც მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დასტურდება კანონით დადგენილი წესით. ეს მოქმედება განიხილება, როგორც გარიგების ხელახლა დადება.

ამ წესით დადებული წერილობითი შეთანხმება და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი საჯარო რეესტრში მოსარგებლის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.

 სანოტარო მედიაცია არის– სისტემური რეგისტრაციის ან სპორადული რეგისტრაციის დროს კერძოსამართლებრივი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, რომელსაც წარმართავს ერთი ან ერთზე მეტი მედიატორი ნოტარიუსი;

მედიატორების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე http://napr.gov.ge/p/1467

სარეგისტრაციო წარმოების პროცესში მხარეთა შორის კერძოსამართლებრივი დავის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას. მედიატორი ნოტარიუსი მხარეებს აცნობს სანოტარო მედიაციის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს შეხვედრის დროსა და ადგილს.

სანოტარო მედიაცია სრულდება მედიატორი ნოტარიუსისთვის მიმართვიდან არაუგვიანეს 3 კვირისა. მხარეთა მიერ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე უფლება რეგისტრირდება ამ კანონით დადგენილი წესით.

საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხარეებს არ უზღუდავს უფლებას, დავის გადასაწყვეტად სანოტარო მედიაციას მიმართონ.

დავის სპეციფიკისა და სირთულის გათვალისწინებით, სანოტარო მედიაციას წარმართავს ერთი ან ერთზე მეტი მედიატორ ნოტარიუსი.

 

თუ სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, დაინტერესებული პირის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებისაღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განსახილველად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კომისიას მიმართავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), ან თუ მიწის ნაკვეთი დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავეა (შენობით ან მის გარეშე).

თუ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებისას საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, დაინტერესებული პირის თანხმობით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს განიხილავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება (ივსება ლექტრონულად, განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ);
  • თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი და ელ. ვერსია;
  • მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების, ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში;

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების დამდგენი დოკუმენტაციის წარმოდგენის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან მარეგისტრირებელი ორგანო თავად ახდენს სარეგისტრაციოდ საჭირო დოკუმენტაციის მოძიებას.

თუმცა სარეგისტრაციო წარმოების დასრულების დაჩქარების მიზნით დაინტერესებულ პირს თავად შეუძლია წარმოადგინოს უფლების დამდგენი დოკუმენტები.

1. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება − 3 თვის ვადაში − 300 ლარი;

2. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში მდებარე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაცია − 3 თვის ვადაში − 600 ლარი;

3. თუ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და დაინტერესებული პირი მოითხოვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაციას,  პირველი პუნქტით დადგენილ საფასურს ემატება 300 ლარი;

4. სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება/ცვლილება − „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 − მე-5 პუნქტებით დადგენილ ვადაში − 300 ლარი.