იმისთვის, რომ ქონებაზე დაინტერესებულ პირს წარმოეშვას საკუთრების უფლება, სავალდებულოა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნიშნავს ამ უფლების წარმოშობის შესახებ მონაცემთა აღრიცხვას შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოშობილად ითვლება ამ უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის მომენტიდან;

 

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან მესაკუთრე უფლებამოსილია, განკარგოს (გაასხვისოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ.) უძრავი ნივთი.

მშენებლობადამთავრებულ ბინაზე/ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება საბუთების მიმღები ოპერატორის მიერ);
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. უფლებამოსილის ორგანოს მიერ გაცემული ბინის/შენობა-ნაგებობის ერთეულის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში  მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი;
  4. შიდა აზომვითი ნახაზი;

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

შენიშვნა: მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია იუსტიციის სახლში;

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.