მეწარმედ მიიჩნევა ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საწარმო.

საწარმო არის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა. სამეწარმეო საქმიანობა არის მოგების მიღების მიზნით განხორციელებული მართლზომიერი, არაერთჯერადი,დამოუკიდებელი და ორგანიზებული საქმიანობა.

სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების ფორმით. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი სამეწარმეო საზოგადოებაა.

სამეწარმეო საზოგადოება არის იურიდიული პირი.

სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, საარბიტრაჟო, სამედიატორო, სანოტარო, აუდიტორული ან საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა, აგრეთვე ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს და არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის
შესახებ მონაცემები.

სამეწარმეო საზოგადოების გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების/შეწყვეტის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენია:

  • განცხადება;
  • სასამართლოს განჩინება სუბიექტის გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღების / შეწყვეტის შესახებ;
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

წარმომადგენლის (მინდობილი პირის) მიერ მიმართვის შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნას:

 

  • წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა ან სხვა);
  • სათანადო წესით შედგენილი და დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა ან სხვა);