მეწარმის საფირმო სახელწოდება არის სახელი, რომლითაც მეწარმე ახორციელებს საქმიანობას და რომელიც ასეთად რეგისტრირებულია რეესტრში.
საფირმო სახელწოდება უნდა განისაზღვროს ქართულ ენაზე.
ინგლისურ ენოვანი ამონაწერის მომზადების მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის მიერ, შესაძლებელია საფირმო სახელწოდება, ასევე, განისაზღვროს ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენოვანი სახელწოდება უნდა იყოს ქართულ ენოვანი სახელწოდების შესაბამისი.
საფირმო სახელწოდებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის სახელი ან/და გვარი. შესაძლებელია, საფირმო სახელწოდება შეირჩეს სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის საგნის მიხედვით ან იყოს ფანტაზიის ნაყოფი.
მეწარმის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) საფირმო სახელწოდება უნდა განსხვავდებოდეს უკვე რეგისტრირებული მეწარმის საფირმო სახელწოდებისგან. მეწარმის საფირმო სახელწოდება უნდა შეიცვალოს ან მას უნდა დაერთოს დამატება, თუ ეს საჭიროა ამ სახელწოდების სხვა მეწარმის საფირმო სახელწოდებისგან განსხვავებლად.