საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ:

  • საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში, პოლიციის ან უშიშროების სამსახურში. გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა საგამონაკლისო წესით ან მიღებული აქვს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და შევა თავისი ქვეყნის სამხედრო ან პოლიციის სამსახურში;
  • საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს  ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;
  • მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა საგამონაკლისო წესით ან მიღებული აქვს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე.

 

არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე.

ეს მნიშვნელოვანია!  საქრთველოს მოქალაქეობის დაკარგვის ერთ-ერთი საფუძვლის აღმოჩენის შემთხვევაში კომპეტენტური ორგანოები სააგენტოს მიმართავენ წარდგინებით, პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საქმისწარმოების დაწყების შესახებ.

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვაზე დაინტერესებულმა პირის მიერ  უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს:

  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ფოტოსურათი;
  • მომსახურეობის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დაჩქარებული წესით მომსახურებისას);  
  • მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების გათვალისწინებით ერთ-ერთი საფუძველი:

ა)  უცხო სახელმწიფოს პოლიციის, სამხედრო ან უშიშროების სამსახურებში საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტი; 

ბ) ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.