საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს  გავიდეს საქართველოს მოქალაქეობიდან.  

საქართველოს მოქალაქეს  შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე, თუ:

  • მას შეუსრულებელი აქვს საქართველოს წინაშე სამხედრო ან სხვა ვალდებულება;
  • იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება.

შენიშვნა: საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სამხედრო ვალდებულად ითვლება  18-დან  27 წლამდე მამრობითი სქესის საქართველოს მოქალაქე.

განცხადებას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე უფლებამოსილ სამსახურში წარადგენს:

  • სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად;
  • არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • დაინტერესებული პირის წარმომადგენელი სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე;
  • მხარდაჭერის მიმღები პირი, მხარდამჭერის თანხმობით.

     

    შენიშვნა:

    არასრულწლოვანის  პირის  მოქალაქეობისდან  გასვლის თაობაზე ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი  თანხმობა. 

    14 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობიდან  გასვლა დასაშვებია მისი თანხმობით. 

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე უფლებამოსილ სამსახურში სრულწლოვანმა პირმა უნდა წარადგინოს :

  • დადგენილი ფორმის განცხადება;
  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
  • სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ - თუ დაინტერესებული პირია  18-დან 27 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის საქრთველოს მოქალაქეა;
  • ფოტოსურათი;
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

შენიშვნა: ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.

 

არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მოთხოვნით ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს:

  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა;
  •  ფოტოსურათი;
  • მეორე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
  • 14-18 წლამდე არასრულწოვანი პირის თანხმობა;
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

კანონიერი წარმომადგენლის, ასევე  დაინტერესებული არასრულწლოვანი პირის თანხმობა შეიძლება გამოხატული იყოს :

  • სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;
  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით,  წერილობითი ფორმით;
  • პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით, დადასტურებულია განმცხადებლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით;
  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის:

  • დაინტერესებული პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის იუსტიციის სახლის ან სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარდგენისთანავე;
  • პრეზიდენტის მიერ ბრძანებულებაზე ხელმოწერიდან მე-15 დღეს, თუ წარმოდგენილი იყო სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ პირს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიენიჭება შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეობა. 

ეს მნიშვნელოვანია:  პირს საქართველოს მოქალაქეობა  უწყდება მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან.