საქართველოს მოქალაქეობა არის პირის სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან.

საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს 1993 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირი, თუ:

  • მისი დაბადების მომენტისათვის ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა;
  • დაიბადა საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (სუროგაციით) და მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს;
  • დაიბადა საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილია;
  • დაიბადა საქართველოს ტერიტორიაზე და ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.

 

საქართველოს მოქალაქეებად ასევე მიიჩნევიან  პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ  შემდეგ პირობებს (ამ საფუძვლებით მოქალაქეობის მოპოვების მსურველმა პირებმა  უფლებამოსილ ორგანოებს უნდა მიმართონ 2024 წლის 31 დეკემბრამდე):

  • 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირები, რომელებიც საქართველოში ცხოვრობდნენ არანაკლებ 5 წლის განმავლობაში (ჯამურად), 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
  • 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირები, რომელებიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდნენ საქართველოშო და არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
  • საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირები, რომლებმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვეს საქართველოს ტერიტორია და  არ მიუღიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

 საქართველოს მოქალაქეებად, ასევე მიიჩნევიან:


  • საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული პირი, რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრობდა 1991 წლის 21 დეკემბრამდე, არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს  კანონით გათვალისწინებული უარის თქმის რომელიმე გარემოება;
  • საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე 1991 წლის 21 დეკემბრამდე მცხოვრები პირის შვილი, რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და რომლის მიმართაც არ არსებობს კანონით 
    გათვალისწინებული უარის თქმის რომელიმე გარემოება.

არასრულწლოვანი პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და რომლის ორივე მშობელი უცნობია, საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევა, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადგინდება.

საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.

მოქალაქობის საკითხთა კომისიამ მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას შესაძლებელია მხედველობაში მიიღოს:

  • ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას;
  • საქართველოში უძრავი ქონების ფლობა;
  • საქართველოში საქმიანობა;
  • ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან;

არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. 

აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა (18 წლის მიღწევის შემდეგ). არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის თაობაზე წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს:

  • არასრუწლოვაბი პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა;
  • 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანის თანხმობა;
  • მშობლ(ებ)ის თანხმობა.

ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით.

ეს მნიშვნელოვანია: გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პირებისა, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება აქვთ, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება  ხდება პრეზიდენტის მიერ მოქალაქეობის მინიჭებით.

  ნატურალიზაციის სახეებია:

  • საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება - http://psh.gov.ge/main/page/1/69/468;
  • საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება  - http://psh.gov.ge/main/page/1/69/469;
  • საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება - http://psh.gov.ge/main/page/1/69/470;
  • საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება - http://psh.gov.ge/main/page/1/69/471.

ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მინიჭების საფუძვლების, საჭირო დოკუმენტების და საფასურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ლინკებზე.