მარტოხელა მშობლის სტატუსი ენიჭება საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე იმ პირს, რომლის ბავშვის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში თუ:

ა) ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი და გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში, არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
ბ) ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;
გ) რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
დ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

 

მარტოხელა მშობლის სტატუსის მოსაპოვებლად განცხადებით შეიძლება მოგვმართოს:

  • მარტოხელა მშობლის სტატუსის მაძიებელმა პირმა 16 წლის ასაკიდან,  თუ ქორწინების საფუძველზე შეძენილი აქვს ქმედუნარიანობა;
  • მარტოხელა მშობლის სტატუსის მაძიებელმა 18 წლამდე ასაკის პირის ერთ-ერთმა კანონიერმა წარმომადგენელმა, გარდა იმ შემთხვევისა თუ 16 - დან 18 წლამდე ასაკის პირს ქორწინების საფუძველზე შეძენილი აქვს ქმედუნარიანობა;
  • მხარდაჭერის მიმღებმა მხარდამჭერი პირის შემთხვევაში;
  • მინდობილმა პირმა;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, თუ პირი იმყოფება მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ.

!!! საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, თუმცა 16-18 წლამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელი ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამავდროულად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა  შესაძლებელია იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში.